English / ქართული / русский /
სოფიო ცეცხლაძე
ქართული ღვინის და ტურისტული ბაზრის პრობლემები COVID 19-ის პანდემიის პირობებში

ანოტაცია. ნაშრომი შეეხება ღვინის ბაზრის მდგომარეობას და ტურისტული სექტორის პრობლემებს პანდემიის პირობებში. აღნიშნულია, რომ  ტურისტულ სექტორს განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა პანდემიის პირობებში, რაც,  მეღვინეობის დარგზეც აისახა. ახალი მარკეტინგული სტრატეგიის გამოყენებით, ღვინის დარგმა შეძლო, რომ ნაკლებად პრობლემური ყიფილიყო ეს პერიოდი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს და  მეღვინეებს, რომლებიც მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან, ჰქონდეთ უფრო მეტი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.

 საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, ღვინის ინდუსტრია, ღვინის ექსპორტი, მარკეტინგული აქტივობა, კოვიდ 19-ის პანდემია. 

***

ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები  მევენახეობისა  და  ღვინის წარმოებაზე  მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე, დაახლოებით 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არისკახეთი, მას მოჰყვება ქართლი, იმერეთირაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი. ღვინო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურიზმის განვითარებისათვის. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ განავითაროს და მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროდ აქციოს ღვინის ტურიზმი. ღვინის ადგილი ტურიზმში, განისაზღვრება ქვეყანაში არსებული  რესურსებით და შესაძლებლობებით. იგი კულტურის ნაწილი და სარფიანი შემოსავალია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისათვის [ქართული_ღვინო  რედ: 19:05,  2021 ].

კორონავირუსის პანდემიამ  უარყოფითი გავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზე, რომელიც წინა წლებში საქართველოს ეკონომიკის წამყვან დარგს წარმოადგენდა. საქართველოში COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტის თვიდან თითქმის სრულად შეჩერდა ტურისტული ობიექტების ფუნციონირება, დაიკეტა სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები და სხვა გასართობი ცენტრები. შეჩერდა ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა, შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. პანდემიამ შეაფერხა იმ პოზიტიური ტენდენციების გაგრძელება, რომელიც წინა წელს დაფიქსირდა საქართველოში, ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით. 2020 წელს დაგეგმილი ეკონომიკური 4.5%-იანი ზრდის ნაცვლად, მოსალოდნელი იყო ეკონომიკის 4,5-5,0%- იანი შემცირება, ხოლო 2021 წელს ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე 4,3%-იანი ზრდა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) შეფასებით, 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა შემცირდა 72%-ით, რამაც წინასწარი გათვლებით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯებიდან მიღებული თანხების 910 მლნ. – 1.2 ტრლ. აშშ დოლარით შემცირება გამოიწვია, ხოლო დასაქმების კუთხით კი - 100-120 მლნ. სამუშაო ადგილი შემცირდა. UNWTO-ს თანახმად, ყველაზე მეტად დაზარალდა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებ. მათი წილი ტურიზმის სექტორში 80% შეადგენს. კორონავირუსს განსაკუთრებული გავლენა კი იმ ქვეყნებზე ექნება, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს დიდი წილი უკავია და რომლის ეკონომიკური ზრდაც დიდწილად ტურიზმის სექტორიდან გამომდინარეობს. კორონა ვირუსის გავრცელებას უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზეც, პირდაპირი და არაპირდაპირი არხებით და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გლობალურ ეკონომიკურ აქტივობასა და მოლოდინებზე. 2020 წელს  ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება იყო, რაც კორონა ვირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი, 17.6%-იანი ზრდის შემდეგ, თებერვალში ტურიზმიდან შემოსავლები, საერთაშორისო მოგზაურობაზე აკრძალვების შედეგად, 5.2%-ით, მარტში 69.8 პროცენტით, აპრილში 96.8 პროცენტით, მაისში 96.6 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 9.1 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის მაისში აღნიშნული მაჩვენებელი 270 მილიონ აშშ. დოლარს აჭარბებდა. 2020 წლის იანვარ-მაისში ტურიზმიდან შემოსავლები 60.1%-ით შემცირდა და 445.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მთლიანობაში 2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ 75-80%-ით შემცირდა, რაც სექტორისთვის (წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით) 2.3-2.5 მლრდ. აშშ დოლარის დანაკარგია [ტურიზმის-კვლევა-და-პოლიტიკის-დოკუმენტი, pdf 2021,:12].

COVID-19 ვირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა აგრეთვე მეღვინეობის დარგზეც. საერთაშორისო ბაზრებზე  შემცირებულმა ექსპორტმა და შიდა ბაზარზე ტურისტული სეზონის ჩავარდნამ, დარგი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოში არ შეფერხებულა ღვინის ექსპორტისთვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური პროცედურები, ქართული  ღვინის საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგული აქტიობები დისტანციური და ონლაინ ფორმატებით ჩანაცვლდა, ორგანიზებულად ჩატარდა რთველი და გაგრძელდა ღვინის ხარისხის მონიტორინგის ღონისძიებები. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში 2020 წელს [ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში  2020.:2].

COVID-19 პანდემიის პირობებში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რთველი 2020-ის შეუფერხებლად ჩატარება და ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავება იყო. ამასთან, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა, ღვინის ინდუსტრიის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნება იყო. არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2020-ის სუბსიდირება განხორციელდა. სუბსიდიის მიღებას დაექვემდებარა ის ღვინის კომპანია, რომელმაც მევენახისგან შეისყიდა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 0,80 ლარი. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი. ამით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა. რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ამასთან ერთად, სახელმწიფო საწარმოებმა მევენახეებისგან ჭარბი ყურძენიც შეისყიდა, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იყო მოთხოვნა. რომ არა ეს მხარდაჭერა, 10 ათაამდე მევენახე ვერ შეძლებდა 94 ათასამდე ტონა ყურძნის რეალიზაციას. სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდული, 284 ათას ტონამდე ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარზე მეტი მიიღეს. ყურძნის გადამუშავების პროცესში 300-მე მეტი დიდი, მცირე და საშუალო მარანი იყო ჩართული [ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში 2020, :3]. წარმატებით ჩატადა რთველი 2020 რაჭა-ლეჩხუმშიც. რთველი 2020-ის ფარგლებში გადამუშავდა: 175 ათასი ტონა რქაწითელი, 80 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა კახური მწვანე, 2400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი [ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში 2020, :3].      

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში მცხოვრები სტუდენტები ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმა.

უნდა აღინიშნოს ,,მცირე მარნების დახმარების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ათეულობით მცირე მარნის წარმოებული ღვინის 1500-მდე ბოთლის ტრანსპორტირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდა. აღნიშნული აქტივობების შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია სტრატეგიულ ბაზრებზე (აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი) შენარჩუნებულია. 2020 წელს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე 42 დეგუსტაცია/სემინარი გაიმართა, როგორც ონლაინ, ისე პირდაპირ ფორმატში. 2020 წლის ღონისძიებებიდან აღსანიშნავია: მონაკოელი სომელიეების ვიზიტი იანვრის მეორე ნახევარში, საქართველოს მონაკოს სომელიეთა ასოციაციის წევრები ეწვივნენ. ჯგუფის შემადგენლობაში მონაკოს საუკეთესო რესტორნების შეფ-სომელიეები შედიოდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. მონაკოს ღვინის ბაზარზე  ვიზიტის ფარგლებში სომელიეები ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში 10-მდე ღვინის მარანში გაეცნენ. 10-12 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „VinExpo Paris“ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა უმნიშვნელოვანესია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის [ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში 2020, :4].

ქართული ღვინის საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გასაძლიერებლად, მსოფლიო პანდემიის ფონზე მარკეტინგული აქტივობები დისტანციურ ფორმატში, ონლაინ-დეგუსტაციებისა და სხვადასხვა ონლაინპლატფორმების გამოყენებით გაგრძელდა. გააქტიურდა რეკლამები ღვინის ონლაინ-საცალო გაყიდვების რეიტინგულ ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე, ტელევიზიებსა და რადიოეთერებში, შეიქმნა ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები სხვადასხვა სოციალურ მედიაში და ა.შ.

„Vinexpo New York 2020“ 2-3 მარტს ნიუ-იორკში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „Vinexpo New York“ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მსოფლიოს ყველაზე დიდ ღვინის ბაზარზე, საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა საქართველოდან 12 კომპანიას მიეცა, რაც ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „მარქ ენერჯის“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა [ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში 2020, :5].

2020 წლის ივლისში გაიმართა  ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო კონკურსი. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობა იყო. გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსზე 460 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც 3-ჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილი ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს [ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში 2020, :.6].

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი (ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რომელიც ეფუძნება გაცემულ საექსპორტო სერტიფიკატებს), 2020 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 92,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2019 წლის რაოდენობაზე 1%-ით ნაკლებია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 216,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2019 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით ნაკლებია. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 27% (5 226 366 ბოთლი), აშშ - 34% (911 931 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 154% (428 796 ბოთლი). კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, კლებაა ჩინეთის ბაზარზე, სადაც ექსპორტირებულია 4 605 768 ბოთლი (კლება 35%). ზრდა აღსანიშნავია, ასევე, შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა - 4% (10 660 884 ბოთლი), ბელარუსი - 32% (3 677 769 ბოთლი), ლატვია - 7% (1 598 455 ბოთლი), გერმანია - 4%  (697 697 ბოთლი), კანადა 16% (188 286 ბოთლი), აზერბაიჯანი - 32% (1 831 64 ბოთლი), საფრანგეთი - 22% (183 164 ბოთლი), სამხრეთ კორეა - 353% (89 394 ბოთლი) და ა.შ.  2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 376-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, ექსპორტირებული იყო 32,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 4%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 66 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (კლება 3%). ექსპორტირებულია 428 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის კლებამ 31% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს (კლება 31%). დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 18676195 ბოთლი, შემდეგ მოდის: „წინანდალი“ – 4 458 503 ბოთლი, „მუკუზანი“ – 4 140 627 ბოთლი,  „ახაშენი“ – 1 344 052 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 987 530 ბოთლი, „ტვიში“ – 254 736 ბოთლი, „ყვარელი“ – 120 318 ბოთლი, „ნაფარეული“ – 100 695 ბოთლი და ა.შ. მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 336 მლნ აშშ დოლარი, რაც 5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე   [ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში 2020 , :7].

2020 წელს, საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს ოთხი ღვინო დაემატა: „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“. აღნიშნული ფაქტი ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციის, ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით. ამ ეტაპზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტი“ ადგილწარმოშობის დასახელების 24 ღვინოა დარეგისტრირებული: „ქინძმარაული“, „მანავი“, „კახეთი“, „ნაფარეული“, „თელიანი“, „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“, „გურჯაანი“, „ხვანჭკარა“, „ატენი“, „სვირი“, „ვაზისუბანი“, „კარდენახი“, „ტიბაანი“, „ტვიში“, „ყვარელი“, „კოტეხი“, „ხაშმის საფერავი“, „ბოლნისი“, „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების მიმართულებით მუშობას 2021 წელსაც აგრძელებს  [ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში 2020, :8].

აშშ-ში 11 ნოემბერს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ორგანიზებით, „ქართული ღვინის ფორუმი“ მესამედ, ამჯერად ონლაინ ფორმატში გაიმართა. ვებინარზე ქართული ღვინის ისტორიის, გენეტიკისა და ტრადიციების პარალელურად, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი პოტენციალი და პერსპექტივები, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიო პანდემიამდე და პანდემიის პირობებში.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა, პანდემიის პირობებშიც სხვადასხვა ფორმატში, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, 2020 წლის  10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს [ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში 2020].

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. პანდემიის პირობებშიც ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. 2020 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ბრიტანეთში ექსპორტირებულია 160 644 ბოთლი ღვინო, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს [ქართული ღვინო, 04.11.20]. 

სახელმწიფოს როლი მეღვინეობის განვითარებისა და ღვინის ექსპორტზე გასვლის კუთხით, ძალიან დიდია. პანდემიის პირობებში განსაკუთრებული დახმარება ნამდვილად სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს. რთველის დროს სუბსიდირება ძირითადად მიიღეს დიდმა მეღვინეობებმა. საშუალო და მცირე მეწარმეები ნებისმიერი სახის დახმარებას უფრო საჭიროებდნენ, ვიდრე დიდი კომპანიები, არადა ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ბაზარზე  მცირე და საშუალო კომპანიების გამოჩენასთან.

პანდემიის პირობებში ყველაზე დიდი ეკონომიკური დარტყმა ტურიზმის სფეროს მიადგა.  ამიტომ, ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს მაქსიმალურად უნდა გაუხანგრძლივდეთ საგადასახდო შეღავათები, რათა გადასახადებისთვის განკუთვნილი თანხა ბიზნესის, ხელფასების, თანამშრომლების შესანარჩუნებლად გამოიყენონ.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ტურიზმის და მთლიანად ტურისტული სექტორის გადასარჩენად, აქცენტი უნდა გაკეთდეს შიდა ტურიზმზე.

სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მცირე მარნების ხელშეწყობისათვის.

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში უნდა მომზადდეს  ტურიზმის დარგის და  ღვინის წარმოების პროფესიონალი კადრები. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ქვევრის სპეციალისტების მომზადება და მეღვინეობის დარგის სათანადოდ აღჭურვა. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. https://ka.wikipedia.org/wiki/ ქართული_ღვინო, რედ: 19:05, 29 აპრილი 2021
  2. https://eap-csf.ge/wp-content/uploads/2021/03/EAPტურიზმის-კვლევა-და-პოლიტიკის-დოკუმენტი.pdf გვ.12
  3. https://ipress.ge/new/qarthuli-ghvinis-rigith-mesame-phorumi-onlain-phormatshi-gaimartha/ ქართული ღვინის რიგით მესამე ფორუმი, 12 ნოემბერი, 2020  
  4.  http://georgianwine.gov.ge/Ge/Files/Download/14170, ღვინის ეროვნული სააგენტო, ანგარიში 2020 წელი, გვ.2-11
  5. http://georgianwine.gov.ge/Ge/News/33746,ქართული ღვინო, 04.11.20
  6. http://vinoge.com/degustacia/pandemia-qarTuli-Rvinis-turizmis-winaaRmdeg პანდემია ქართული ღვინის ტურიზმის წინააღმდეგ, 2020 - 10